wishlist0

ჯანსაღი ელემენტებით მდიდარი საკვები: პროგრამა EU4YOUTH-ის ფარგლებში, ოცნების ასრულებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯები-ბიზნეს იდეის განხორციელებით დაიწყო!

ამ საოცარი ისტორიის მოყოლა, გიორგი ბადაშვილს ვთხოვეთ, რომელიც ორგანიზაციის გლობალ ეკო პროჯექტ ჯორჯია ბიომეურნეობის ჰაბი-ს გენერალური დირექტორია.

გიორგი, მოგვიყევით თქვენი სოციალური საწარმოს შესახებ?
მოგესალმებით, ჩვენ ვარ გორის სასაზღვრო სოფლების მაცხოვრებელნი, ეს პროექტი, შესანიშნავი დახმარება იყო თითოეული ჩვენგანისთვის, რადგან მოგვეცა შესაძლებლობა, კიდევ უფრო დიდი შემართებით, ჩვენი ენერგიისა და უსაზღვროდ დიდი შრომის ჩადების საფუძველზე აგვეშენებინა ინოვაციური მზის სათბური. ჩვენ ვართ გუნდი, მაშასადამე გვაქვს ურყევი რწმენა, რომ გავაკეთებთ შეუძლებელსაც და შევქმნით და გავაძლიერებთ ყველა იმ მიმართულებას, რა ჭრილშიც ვსაქმიანობთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი და ბიო აგრო მეურნეობა, რასაც სხვა ვერასდროს გაბედავდა, ჩვენ მუხლჩაუხრელად ვაკეთებთ, არასდროს ვაკლებთ ნებისყოფას და მონდომებას საქმეს, სწორედ ამიტომ ძალიან სწრაფად გავიზარდეთ. ჩვენ შევძელით, რომ მოგვეპოვებინა 10000 ევროიანი ინვესტიცია გლობალ ეკო პროჯექტ ჯორჯია ბიომეურნეობის ჰაბის-ჭრილში და სოფელ ქვემო ნიქოზში დაგვეარსებინა სოციალური საწარმო, რომლის გარემოსდაცვით და სოციალური მიზნები შემდეგია: სათბურების გასათბობად, ელექტროენერგიისა და გაზის ჭარბი მოხმარების აღმოფხვრა. √ ნიადაგის, წყლის, ჰაერის დაბინძურების შემცირება; √ აქტიური ტრეინინგები ბენეფიციარებში ცოდნისა და კომპეტენციების ზრდის ჭრილში. √ სოციალური კამპანიები სოც.ქსელებში, გარემოსდაცვითი მიმართულებებით. √ მოწყვლადი ჯგუფების გადამზადება და დასაქმება; √ ჯანსაღი პროდუქტის სიმცირის გამოსწორება. √ უმუშევრობის მაღალი დონის შემცირება; √ ახალგაზრდების მიგრაციის შესუსტება. √

გვითხარით, სად მდებარეობს თქვენი სოციალური საწარმო?
ჩვენი საწარმო საოკუპაციო ხაზიდან 2 კილომეტრში მდებარეობს და აქ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ზოგადად რაიონში მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია ბიო სასუქებთან და ბიო პროდუქტთან მიმართებით. ჩვენ ამ პრობლემის აღმოჩენისთანავე ჩავატარეთ არაერთი ტრენინგი, როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ სივრცეში და ეტაპობრივად ვაგრძელებთ მსგავს ღონისძიებებს, რათა მოსახლეობა იყოს სრულად ინფორმირებული, რომ მოიყვანონ ერთგვაროვანი და მაღალი ხარისხის პროდუქცია, რათა თავი დაიცვან არასასურველი რისკ-ფაქტორით გამოწვეული დაავადებებისგან, რაც უხვადაა პესტიციდების და შხამ-ქიმიკატების პირველადი მოხმარების პროდუქტებში.

მოგვიყევით, როგორ გაიზარდეთ GREENcubator-ის აქსელერაციის შედეგად?
ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართული და ვისარგებლეთ მწვანე ბიზნესის აქსელერაციის პროგრამით GREENcubator, რომელიც შექმნილია სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარების (SEED) პროექტის ფარგლებში, რამაც საშუალება მოგვცა გამოგვემუშავებინა უნარ-ჩვევები და დაგვეგროვებინა კომპეტენციები, რაც საჭირო იქნებოდა ჯანსაღ კონკურენტულ პირობებში, ფარდობითი უპირატესობის მოსაპოვებლად, პროექტის განმავლობაში ინტენსიური სწავლებების პირობებში გუნდმა შეიძინა, როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული ცოდნა, რომელსაც აქტიურად იყენებს დღემდე, თითოეული აქტივობის განსახორციელებლად.

როგორ მიდიხართ წინ?
ჩვენი გუნდი თავდაუზოგავად შრომობს, იმისთვის, რომ მოვიზიდოთ დამატებითი ინვესტიცია, გავამყაროთ საძირკველი, რომელიც დროსთან ერთად ძლიერდება. გვაქვს რესურსი შევქმნათ უნიკალური, ეკოლოგიური და ინოვაციური სასაქონლო პროდუქციის მოძრაობის ჯაჭვი, რომელიც მოიცავს შემდეგ პროცესებს: ნედლეულის მოძიება, აგრო სამუშაოების ჩატარება, მიწის მომზადება, დათესვა, მოვლა, მოყვანა, შეფუთვა, რეალიზაცია. დავძენთ, იმასაც, რომ ჩვენივე მოყვანილ ბიო პროდუქტს შევფუთავთ ეკოლოგიურად სუფთა მასალებით, ამაზე ცოტა მოგვიანებით მოგიყვებით და გავყიდით ჩვენსავე შექმნილ პორტალზე www.biofoods.ge-რომელიც მალე ჩაეშვება იმპლემენტაციაში.

მოგვიყევით, როგორ ეხმარებით სოციალურად მოწყვლად საზოგადოებას?
ჩვენ უკვე შევქმენით რამდენიმე სამუშაო ადგილი და წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაზრდით სამუშაო ადგილებს, სადაც დასაქმდებიან სოც. დაუცველი ქალები, ახალგაზრდები, დედები და ა.შ. ჩვენ ვთვლით, რომ ადამიანების შესაძლებლობები უსაზღვროა, მთავარია შრომისმოყვარეობა და ენთუზიაზმი, სწორედ ამიტომ ყოველდღე ვფიქრობთ ისეთ კამპანიებზე, რომლებიც პირდაპირკავშირშია რეგიონის გაძლიერებით ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევასთან.

როგორი ტიპის პროდუქტებს აწარმოებთ?
ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ ბოსტნეულის პროდუქტებს, რომლებიც მდიდარია ვიტამინებით და ისინი პირდაპირი და ირიბი გზით ადამიანებში სიცოცხლის ხარისხობრივი წლების ზრდის საუკეთესო შესაძლებლობაა, ასევე აძლიერებენ ორგანიზმს. ჩვენს მზის ენერგოეფექტიან სათბურში შეხვდებით შავ პომიდორს, მდოგვის ბეიბს, შაშკვლავს, სალათის ფურცელს და მეგობრულ მცენარეებს..

რა არის თქვენი უახლოესი დივერსიფიკაციის გეგმა?
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია ბიო პროდუქტებით, ხილისა და ბოსტნეულის აქტიური ჩართულობით მოვამზადოთ პირველადი პროდუქტები, გადავამუშაოთ და ბაზარს შევთავაზოთ სმუზები, სალათები, კერძები და ა.შ რაც მთავარია ეს პროდუქტი იქნება ორგანიზმისთვის მაქსიმალურად შესარგი, რადგან ყველა ჩვენი პროდუქტი ბიო და უნიტრატოა.

როგორი ტიპის გათბობას იყენებთ?
ჩვენ ვიყენებთ ეკომეგობრულ ტექნოლოგიას (ROCKET) ტიპის ენერგოეფექტიან ღუმელებს, სადაც გარემოზე ზემოქმედება თითქმის 0-ის ტოლია. მოვიძიეთ ინოვაციური ღუმელის მშენებელი და მასთან თანამშრომლობით შევქმენით ანტიკრეოსოტული სისტემა, რომელიც არ აზიანებს გარემოს და არის უსაფრთხო.

როგორ დაახასიათებდით თქვენს გუნდს ორიოდე სიტყვით?
ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ბოლომდე იბრძოლებს, რომ სოციალური საწარმო, იქნას კიდევ უფრო ძლიერი და ფერმერებისა და მომხმარებლების აქტიური ჩართულობით შექმნას მეტი სამუშაო ადგილი, აწარმოოს ჯანსაღი პროდუქტი და იზრუნოს თითოეული ადამიანის ჯანმრთელობაზე!

რისი თქმა გინდათ დონორისთვის?
ძალიან დიდი მადლობა კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელს (CENN)-ს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ კავკასიის სოციალური ინოვაციების საგრანტო კონკურსში, რომ მონაწილეობის შესაძლებლობა მოგვცა. ყველაზე სასიხარულო მომენტი კი ის იყო, რომ კვალიფიციურმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი ქულით (95+) შეაფასა ჩვენი უნიკალური პროექტი. როგორც აღვნიშნეთ ამ კონკურსის ორგანიზატორი გახლავთ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) პროგრამის EU4Youth ფარგლებში: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისათვის პროექტი. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მობილურობით, მეტი კომუნიკაციით და ხედვებისა და მთავარი ნიშნულების გაზიარებით, კიდევ უფრო გლობალური და მასშტაბური საქმეების განხორციელებას შევძლებთ და ამაში მათი წვილი უზადოდ დიდია, რაც ცალსახად დასაფასებელია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ჩვენს გუნდთან ერთად ასეთი შესანიშნავი კოლაბორაცია შედგა.

 

11

418
ჯანსაღი ელემენტებით მდიდარი საკვები
to-top